ზაალ უდუმაშვილი - საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება თუ ვერ მოხდა, ყველა პარტიას მოუწევს საკუთარი კანდიდატის დაყენება, თუმცა ბევრი საკითხია, რაზეც ოპოზიცია აუცილებლად შეთანხმდება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში საკუთარ კანდიდატს ორ ოლქში აყენებს და შესაბამისად, დანარჩენ ექვს ოლქთან დაკავშირებით მსჯელობა სხვა პარტიებში მიმდინარეობს.
უდუმაშვილის თქმით, იმედი აქვს, პარტიები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას და რვავე ოლქში ჯამში ერთიანი კანდიდატები იქნება წარმოდგენილი.
„ორი კვოტა არის „ნაციონალური მოძრაობის“, დედაქალაქში. დანარჩენ ექვს ოლქზე უკვე დანარჩები პარტიები მსჯელობენ და იმედია, რომ მალე მივლენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე და გამოცხადდება რვავე ოლქში ერთიანი კანდიდატი, ჩვენც ველოდებით ამ კონსულტაციების დასრულებას“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კითხვაზე, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა, დააყენებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარ კანდიდატს ყველა ოლქში, უდუმაშვილმა უპასუხა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგა, არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამის გაკეთება სხვა პარტიებსაც მოუწევთ.
„თუ შეთანხმება ვერ მოხდა, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება მოხდება, რა თქმა უნდა, მაშინ არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველა პარტიას მოუწევს საკუთარი კანდიდატის დაყენება, თუმცა ამ შემთხვევაში შეთანხმების საგანი შეიძლება საერთოდ სხვა რამ გახდეს. მაგალითად ის, რომ ერთმანეთს არ დავუყენებთ კანდიდატებს, კვლავ ძალაში რჩება საერთო სიასთან დაკავშირებით, ბევრი საკითხია, რაზეც ოპოზიცია აუცილებლად მიაღწევს შეთანხმებას, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, დღეს მთავარია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება“,- განაცხადა უდუმაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია აუცილებლად ერთიანი იქნება.
„ნამდვილად ვერ ავუსრულებთ ბიძინა ივანიშვილს ოცნებას, რომელიც გულისხმობს ოპოზიციის დანაწევრებას, ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია იმოქმედებს შეთანხმებულად“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, რომ მაჟორიტარი კანდიდატების 20 ივნისს დასახელება შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა 20 ივნისამდე საბოლოოდ შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.