ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილის თავისუფლება ბევრად არის დამოკიდებული, როგორი იქნება აქტიურობა მეორე ტურზე, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს
მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ბევრად არის დამოკიდებული, როგორი იქნება აქტიურობა მეორე ტურზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახლა მთავარი პრიორიტეტებია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხვალინდელი არჩევნები.
„მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ წერილში მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა იყო, 30 ოქტომბრისთვის ყოფილიყო შედარებით ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში და მას ჰქონოდა საშუალება, თვალყური ედევნებინა არჩევნების მეორე ტურისთვის, რაც მიღწეულია, არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი. ის უარს ამბობს, ნებისმიერი სახის სამედიცინო ჩარევაზე, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.
ვფიქრობ, გარკვეულ პერიოდში მედიკოსების ჩარევა აუცილებელი გახდება, თუმცა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ბევრად არის დამოკიდებული, როგორი იქნება აქტიურობა მეორე ტურზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. პირველ ტურში დავინახეთ, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ოპოზიციას და ითხოვს ცვლილებებს. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გადის გზაზე, რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მხნედ და შრომისუნარიანი, ასევე ხვალინდელი არჩევნები. ეს არის ორი უმთავრესი ამოცანა, რაც პარტიის წინაშე დგას. ჩვენთვის უმთავრესია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს და ყველამ ამისთვის ვიზრუნოთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა
ზაალ უდუმაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც შეაფასა.
„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, ალბათ, ეს მეცნიერების სხვა სფეროდან არის, მაგრამ რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ, არის აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების განცხადებები. პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ თურმე მესამე პრეზიდენტს თვითმკვლელობის უფლება ჰქონია და ეს კანონში წერია. მგონია, ამის იქით არ შეიძლება, რაიმე ითქვას, მაგრამ „ქართული ოცნება“ და პრემიერი ახერხებენ, რომ საზოგადოება უფრო და უფრო გააკვირვონ. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა პირდაპირ გადაწყვეტილი აქვს. ეს სიტყვები სხვას არაფერს ადასტურებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ფიზიკური უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.