ზაალ უდუმაშვილი - როგორც ჩანს, დიპლომატიური ენა „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, ამიტომ ესაუბრებიან იმ ენაზე, რაც ესმით
დღევანდელმა განცხადებებმა ცხადყო, რა რეაქცია ჰქონდათ ჩვენ პარტნიორებს იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, იყო სრულიად ადეკვატური განცხადებები, – განუცხადა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის თქმით, ეს განცხადებები აღარ არის დიპლომატიურ ენაზე დაწერილი, ეს არის ხისტი განცხადებები.
„როგორც ჩანს, დიპლომატიური ენა „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, ამიტომ ესაუბრებიან იმ ენაზე, რაც ესმით“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან მიმდინარე შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ უნებრივია, ელჩები დაიწყებენ მსგავს შეხვედრებს, რადგან „მართლაც შოკირებული არიან იმ ყველაფრით, რაც დღეს ხდებოდა“.
„ბუნებრივია, ეს შეხვედრა გაიმართა ჩვენთანაც, ჩვენ დეტალურად მოვუყევით და ავუხსენით, როგორ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და რა უძღვოდა ამას წინ, რა შედეგით შეიძლება, დასრულდეს ეს პროცესი იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დროულად არ მოეგება გონს, არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და არ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ელჩების მხრიდან კიდევ გაგრძელდება ხელისუფლებასთან, მაგრამ შედეგებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, მათ შორის, რაც ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.