ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უნდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე, რათა შემდეგ ჰქონდეთ ბერკეტები, კვლავ დაიწყონ ახალ-ახალი საქმეები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს.
„არც ერთი საკითხი ასე სწრაფად არ განუხილიათ ბოლო პერიოდში, როგორც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი, გასაგებიცაა „ქართული ოცნების“ ზრახვები. რაც შეიძლება სწრაფად უნდათ, ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე დატოვონ, რათა შემდგომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს ბერკეტები, რომ კვლავ დაიწყონ ნიკა მელიას წინააღმდეგ ახალ-ახალი საქმეები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით, ნიკა მელიას ბრძოლას ვერ შეაწყვეტინებენ.
„ვინმეს თუ ჰგონია, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით მას ბრძოლას შეაწყვეტინებენ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ნიკა მელიამ ეს ერთხელ უკვე გაიარა, და როგორც თითოეული ჩვენთაგანი, კიდევ მზად არის, გაიაროს, რადგან ჩვენ დიდი ბრძოლა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი, ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს, როდესაც მეორე ტურები გაიმართება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.
ხვალ ჩანიშნულია პლენარული სხდომა, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება იქნება.
ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.