ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება” ეცდება, ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია გაიტანოს პარლამენტში და ამით ჩრდილი მიაყენოს საზოგადოებას
პროცესები ზუსტად ისე ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო, ,,ქართული ოცნება” ეცდება, კანონპროექტის საკუთარი ვერსია გაიტანოს პარლამენტში და ამით ჩრდილი მიაყენოს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მთლიანად საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელიც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში იდგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ამ ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, ამნისტიის კანონში მოხვდნენ არა მხოლოდ სამართალდამცველები, არამედ ბრძანების გამცემი პირები და უმაღლესი პოლიტიკური ფიგურებიც, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები არიან 20 ივნისის ღამეზე. ასე რომ, ახლა ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს ,,ქართული ოცნება”. ერთი, რომ ამნისტიის საკუთარი ვერსია გაიტანოს და მეორე, ამ პროცესიდან მაქსიმალურად დისკრედიტირებული გამოიყვანოს ოპოზიცია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ამასთან დაკავშირებით უდუმაშვილი ამბობს, რომ მათი გეგმები არ შეცვლილა და მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები, კვლავ ძალაშია.
„ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, მთავარი მოთხოვნა კვლავ ძალაშია, ესაა ვადამდელი არჩევნები. ბოლო დღეების განმავლობაში, მგონი, ყველამ დაინახა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნებია“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.
ამასთან, უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია ყოველთვის იმ ერთობის მომხრე იყო, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ ჩამოყალიბდა და დღესაც ამ ერთობას უფრთხილდება.
„ნიკა მელია ყოველთვის იმ ერთობის მომხრე იყო, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ ჩამოყალიბდა და სწორედ ამ ერთობამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ნიკა მელია სწორედ ამ ერთობას უფრთხილდება განსაკუთრებულად. მისი ყოველი განცხადება სწორედ ამას ემსახურება, რადგან დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ამოცანაა, მომავალი არჩევნებისთვის დაქსაქსოს ოპოზიცია. ჩვენ, ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ოპოზიციურ ერთობაში ბზარი არ გაჩნდეს. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ნიკა მელია ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება ამნისტიის კანონის საკუთარი ვერსიის გატანას, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.