ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს, რომ მას დააპატიმრებენ
უკვე მეორედ დავინახეთ, რომ ერთი და იმავე სცენარით მიდის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს, რომ მას დააპატიმრებენ.
ჩვენი გეგმა არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დღეს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაანონსებული. ახლა რაღაც კუნთების ჩვენების მცდელობა, რომ ჩვენ აუცილებლად მოვუხსნით ნიკა მელიას იმუნიტეტს და ეს გააკეთეს, ასე ყოველთვის იქცევა მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაებედა, ასე მორჩილად მიაჭირეს ხელი ამ ღილაკებს და საბოლოო ჯამში, უკვე მეორედ დავინახეთ, რომ ერთი და იმავე სცენარით მიდის „ქართული ოცნება“. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს, რომ მას დააპატიმრებენ“, – განაცხადა მან.
უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„ვაპირებთ, რომ ვიყოთ აქ, ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას, ეს მათი საქმეა, მაგრამ მგონი აქამდე არ მივა საქმე. წინ კიდევ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც სასამართლო ჰქვია და ალბათ, სასამართლოს გზით შეეცდებიან, რომ ეს საქმე რაღაც სხვა მიმართულებით წაიყვანონ, რათა შედარებით ნაკლები ზიანით გამოძვრნენ. მაგალითად, გაითამაშონ როგორი დამოუკდებელია დღეს სასამართლო და შეიძლება, აღკვეთის სხვა ფორმა მოიფიქრონ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.