ზაალ უდუმაშვილი - მისასალმებელია ნებისმიერი კრიტიკული მედია, რომელიც მოემსახურება იმას, რომ გავისტუმროთ ივანიშვილის რეჟიმი
ზაალ უდუმაშვილი - მისასალმებელია ნებისმიერი კრიტიკული მედია, რომელიც მოემსახურება იმას, რომ გავისტუმროთ ივანიშვილის რეჟიმი

ნებისმიერი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც იქნება კრიტიკული და მოემსახურება იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი გავისტუმროთ, მისასალმებელია, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომელშიც აცხადებს, რომ გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ტელევიზიას საზოგადოება შეაფასებს.

„ჩემთვის უცნობია დავით კეზერაშვილის სატელევიზიო გეგმების შესახებ, გარდა იმისა, რაც წავიკითხე მისი ოფიციალური განცხადებიდან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ნებისმიერი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც იქნება კრიტიკული, ოპოზიციური და რომელიც მოემსახურება იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი გავისტუმროთ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რაც შეეხება უშუალოდ ტელევიზიას, ამას უკვე საზოგადოება შეაფასებს, როცა ეთერში გავა და დაიწყებს მუშაობას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველოფს ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის დაცვას.

როგორც დავით კეზერაშვილი აღნიშნავს, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტს.