ზაალ უდუმაშვილი - მადლობა სახალხო დამცველს, ეს ინსტიტუტი სახელმწიფოსა და ქვეყნის დემოკრატიის სადარაჯოზე დგას, გუშინდელი დღეც ამისი მაგალითი იყო
მინდა, მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველს. ეს ინსტიტუტი სახელმწიფოსა და ქვეყნის დემოკრატიის სადარაჯოზე დგას, გუშინდელი დღეც ამისი ნათელი მაგალითი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მიერ შეკრებილ ექიმთა კომპეტენციაში არავის შეიძლება, ეჭვი ეპარებოდეს.
„ექიმების დასკვნა მოვისმინეთ, მგონი, არავის არ ეპარება ეჭვი იმ მედიკოსების კომპეტენციაში, რომლებიც სახალხო დამცველმა შეკრიბა. ყველა ექიმი ამბობს ერთსა და იმავეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს გლდანის ციხეში საფრთხე ემუქრება და ის სასწრაფოდ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში. ამის საპასუხოდ ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, რომ შეიძლება სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის ხელისუფლების პოზიცია, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დღეს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე სიცოცხლე. ეს არის ხელისუფლება, რომელიც დანაშაულს სჩადის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინაშე, არამედ ქართული სახელმწიფოს წინაშე. „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოზიცია პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ისინი არ აპირებენ არანაირი შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას, რაც შეიძლება ტრაგედიით დასრულდეს. მედიკოსების ბრიფინგზე პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის დაწესებულება, სადაც დღეს იმყოფება სააკაშვილი, ვერ უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ის შესაბამის კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.