ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ უარი თქვა საზოგადოების მოთხოვნის შესრულებაზე, აქციები არ გაჩერდება, დრო არ გვაქვს, ერთკვირიანი ან ერთთვიანი ვადები ვაძლიოთ ხელისუფლებას
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ უარი თქვა საზოგადოების მოთხოვნის შესრულებაზე, აქციები არ გაჩერდება, დრო არ გვაქვს, ერთკვირიანი ან ერთთვიანი ვადები ვაძლიოთ ხელისუფლებას

ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ხელისუფლებამ უარი თქვა არა ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მოთხოვნის შესრულებაზე, რომ გადაარჩინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და სასწრაფოდ გადაიყვანოს შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზაბულ დღევანდელ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ბევრი ადამიანი შეიკრიბება და პროტესტი გაგრძელდება.

„ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვთ გამოტანილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ, რადგან სააკაშვილი, რომელიც უკვე წლებია, პოლიტიკური დევნილია, დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის საკანში. ბუნებრივია, ჩვენ იმის დროც არ გვაქვს, ხელისუფლებას ვადები ვაძლიოთ ერთკვირიანი, ან ერთთვიანი. საუბარია კონკრეტულ საათებსა და დღეებზე, მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. დღეს ძალიან დიდი აქცია გაიმართება,ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბება და, ბუნებრივია, ეს აქციები გაგრძელდება. აქციები არ გაჩერდება, რადგან დრო არ გვაქვს საიმისოდ, ვადები ვაძლიოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მან ასევე შეაფასა „ლელოს“ განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. როგორც უდუმაშვილი ამბობს, ხელისუფლებასთან საუბრის თემა შეიძლება იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.

„საუბრის თემა რაც შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან, ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. ეს ორი მთავარი მოთხოვნაა, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს ქვეყანა დასაკარგი არ გვაქვს, წაგვართვეს არჩევნები, გვართმევენ ქვეყანას და თავისუფლებას. ბუნებრივია, არავინ აპირებს „ქართულ ოცნებას“ დაუთმოს ეს ქვეყანა, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ვხედავთ საით მიჰყავს „ოცნებას“ საქართველო“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა, ჩაერთოს ამ დიალოგში, უდუმაშვილმა განაცხადა:

„არა, ჯერ არც არის საუბარი საერთოდ, რა დიალოგი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიდეთ იმ მიზნების განხორციელებამდე, რომელიც ოპოზიციას ზოგადად დასახული აქვს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.