ზაალ უდუმაშვილი - მოსახლეობასთან ჯიბრში ჩადგომა არც ერთ ხელისუფლებას გასვლია და არც ამ ხელისუფლებას გაუვა
აბსოლუტურად ვეთანხმები კახა კალაძეს, რომ ხალხის ხმები წყვეტს ყველაფერს და არა მხოლოდ ხმები, ხალხი წყვეტს ყველაფერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს.
„ამ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ახლა რაც არ უნდა აჭიანურონ დრო, რაც არ უნდა ჯიბრში ჩაუდგნენ მოსახლეობას, დღეს კალაძის განცხადება არ იყო პასუხი პოლიტიკური ოპოზიციისთვის, ეს იყო პასუხი საქართველოს მოსახლეობისთვის. იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც, სხვათაშორის, ამ შენობიდან წაართვეს არჩევანის უფლება რამდენიმე დღის წინ. ასე რომ, ჯიბრში ჩადგომა საკუთარ მოსახლეობასთან არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და არც ამ ხელისუფლებას გაუვა. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც პარლამენტთან იმყოფება.
„ქართული ოცნების“ გენერალუმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდი აღარ აპირებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რამე ახალი ინიციატივის განხილვას.