ზაალ უდუმაშვილი - ბათუმსა და ზუგდიდში რაც ხდება, არის ხელისუფლების მცდელობა, ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და მომავალი წლის ბიუჯეტი სათავისოდ გამოიყენოს
„ქართულ ოცნებას“ ეშინია ყველაფრის, ეშინია საკუთარი აჩრდილისაც. ხუთი ადამიანი რომ შეიკრიბება და აპროტესტებს, იქაც კი 500 პოლიციელი მოდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
ზაალ უდუმაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებთან ქალაქების ბიუჯეტის პროექტების დამტკიცების პარალელურად, გამართულ აქციებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის, რაც ხდება დღეს ბათუმსა და ზუგდიდში, არის ხელისუფლების მცდელობა, კიდევ ერთხელ ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და მომავალი წლის ბიუჯეტი გამოიყენოს სათავისოდ.
„ბათუმში რაც ხდება, კარგად ვნახეთ, რა რაოდენობის პოლიციაა გამოყვანილი და რა რაოდენობის კორდონი დგას შესასვლელთან, რომ არ შევიდნენ საკრებულოს დეპუტატები შენობაში, ის საკრებულოს დეპუტატები, რომელიც ხალხის მიერ არჩეული არიან და ვადაგასული საკრებულოს წევრები შენობაში იმყოფებიან. ის, რაც ხდება დღეს ბათუმში, ზუგდიდში, ყველა იმ ქალაქში, სადაც ხელისუფლებამ დაკარგა უმრავლესობა, არის ხელისუფლების მცდელობა კიდევ ერთხელ ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და ახლა ის მომავალი წლის ბიუჯეტი გამოიყენოს სათავისოდ, რომ ისევ კორუფცია, ისევ ნეპოტიზმი, ისევ ის მავნებლური გარიგებები ჩაიდოს ამ ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ. სწორედ ამას ემსახურება ეს პროტესტი. რადგან არანაირი უფლება არ აქვს ვადაგასულ საკრებულოს, რომ შეუდგინოს ახალი ბიუჯეტი ახალ საკრებულოს, რომელმაც შემდეგ მონიტორინგი უნდა გაუწიოს ამ ბიუჯეტს. ეს არის სრული უკანონობა და ავტორიტარული რეჟიმის ჩვეულებრივი მახასიათებელი ნიშანი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.