ზაალ უდუმაშვილი - იგეგმება მრავალრიცხოვანი აქცია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას სახელმწიფო მდივნის მიმართ, მეორე გზავნილი იქნება მოპარული არჩევნები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს რეგიონში შექმნილი ვითარებისა და საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილები უმნიშვნელოვანესი იქნება.
„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რა ვითარებაა ზოგადად ჩვენს რეგიონში და რა ვითარებაა კონკრეტულად ქვეყანაში, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში იმ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება დღეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილები იქნება უმნიშვნელოვანესი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეო ხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს , ვინაიდან სამოქალაქო სექტორი მას დეტალურად გააცნობს იმ პრობლემებს, რომლის წინაშე დღეს ქვეყანა აღმოჩნდა. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, როგორც დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, ასევე 31 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც ალბათ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის განმარტებით, ხვალ იგეგმება მრავალრიცხოვანი აქცია, რომელიც მოიცავს მთელ რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედანს ფილარმონიამდე.
„ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავარი მიზანი არის ერთი მხრივ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას სახელმწიფო მდივნის მიმართ და ზოგადად ამ ვიზიტის მიმართ, მეორე გზავნილი იქნება ის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს არა ოპოზიციას, არამედ მთლიანად საზოგადოებას. ეს არის მოპარული არჩევნები. ეს ორი მთავარი გზავნილი იქნება ამ აქციაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.