ზაალ უდუმაშვილი - გაგრძელდება აქციები, იქნება კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი, რევოლუცია არ იგეგმება
გაგრძელდება აქციები, პროტესტი იქნება კიდევ უფრო მძაფრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „რას აპირებს ოპოზიცია, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე რვა საათამდე არ დატოვებს თანამდებობას“.
უდუმაშვილის თქმით, პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ქვეყნის მომავალი სასწორზე დევს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ დავიღლებით და გავჩერდებით, ძალიან ცდებით. სასწორზე დევს ყველაზე მნიშვნელოვანი, სასწორზე დევს ამ ქვეყნის მომავალი. ასე რომ, ეს პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება. თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კიდევ უფრო მეტი გამოვა, რადგან ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს და აუცილებლად მიაღწევს ამ ცვლილებებს. მეტი გეგმა არ გვაქვს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ხომ არ განიხილავთ იმ გეგმას, რაზეც სატელეფონო საუბრებში სავარაუდოდ ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ“, უდუმაშვილი ასე პასუხობს: „არა, რევოლუცია არ იგეგმება“.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „რვა საათამდე ივანიშვილმა გადააყენოს თამარ ჟვანია და ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან, ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე შეხვდნენ“.