ზაალ უდუმაშვილი - ჩანაწერი შეიცავს მძიმე დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს და ამას სჭირდება სასწრაფო გამოძიება
ზაალ უდუმაშვილი - ჩანაწერი შეიცავს მძიმე დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს და ამას სჭირდება სასწრაფო გამოძიება

ჩანაწერი შეიცავს მძიმე დანაშაულის სავარაუდოდ ნიშნებს და ამას სჭირდება სასწრაფო გამოძიება, ვიდრე გამოძიება დასრულდება, ყველა ფიგურანტმა, ვინც ამ ჩანაწერშია, უნდა დატოვოს თანამდებობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ამ ჩანაწერიდან ჩვენ გავიგეთ, რომ ქვეყნის უმაღლესი პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი არის ჩვეულებრივი ზონდერ დაჯგუფების ხელმძღვანელი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დასდევს ჩვენ შვილებს და ფიზიკურად უსწორდება, სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებიან, რადგან თურმე, არ მოეწონათ ბერას „ვოლზე“ დაწერილი მათი კომენტარები. აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს და შემდგომ, მთელი დღე მიმდინარეობს ამ ბავშვების დევნა და საღამოს მიდის ანგარიშის ჩაბარება ბერასთან, ვის როგორ გაუსწორდნენ და ვინ შეძლებს სკოლაში ხვალ წასვლას, თუ ვერ წასვლას. საუბარია არასრულწლოვან ბავშვებზე. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, დღეს დილით განცხადებები უნდა ყოფილიყო დაწერილი როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გადადგომის შესახებ და პროკურატურაში უკვე საქმე უნდა იყოს აღძრული“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა ამ საქმის გამოძიებას დაიწყებს.

„არანაირი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიებას დაიწყებს პროკურატურა ამ საქმის. მაგრამ თუ დაიწყება, ჩვეულებრივად ეს იქნება თაროზე შემოდებული საქმე. თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებაშიც“ კი არავის უარყვია ამ ჩანაწერის ავთენტურობა. ისინი საუბრობენ რაღაც თარიღებზე, როდის არის გაკეთებული ეს ჩანაწერი. რა მნიშვნელობა აქვს როდის გაკეთდა ეს ჩანაწერი. ეს ჩანაწერი შეიცავს მძიმე დანაშაულის სავარაუდო ნიშნებს და ამას სჭირდება სასწრაფო გამოძიება. ვიდრე გამოძიება დასრულდება, ყველა ფიგურანტმა, ვინც ამ ჩანაწერშია, უნდა დატოვოს თანამდებობა“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.