ზაალ უდუმაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ დღეს სასამართლომ მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღოს
ამ ხელისუფლებიდან არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ დღეს სასამართლომ მიიღოს მელიას დაკავების გადაწყვეტილება. თუმცა, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ მელიას დაკავებით რაღაცნაირად პროცესების განეიტრალება მოხდება. პირიქით, ეს იქნება კიდევ ერთი, დამატებითი სტიმული, რომ ეს დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს სასამართლოს ჩანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ნიკა მელია, როგორც არამხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რა თქმა უნდა იყოს განეიტრალებული. ამაზე ოცნებობს ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა და ახლა ცდილობს ამ მეთოდით, რაღაცნაირად მელის იზოლაცია მოახდინოს, მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები. ის პროცესები, რომელიც დაწყებულია უკვე, ვგულისხმობ ოპოზიციის ერთიანობას, ვგულისხმობ სტრატეგიას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, პირველ ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებდა, სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სამაჯურის ტარებას აღარ აპირებდა.
ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.