ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამოქმედო გეგმებს კონსულტაციების შემდეგ გამოაცხადებენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერები მცირე კონსულტაციებს გამართავენ და სამოქმედო გეგმებს უშუალოდ აქციაზე გამოაცხადებენ. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები იკრიბებიან.
„ჩვენ ვაპროტესტებთ დღევანდელ დღეს, თუ როგორ მოიქცა ხელისუფლება. როდესაც საუბარი არის სახელმწიფოს მიტაცებაზე, დღეს იყო. კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიტაცოს სახელმწიფო ერთმა ადამიანმა, არავის მისცე უფლება, გამოხატოს თავისი თავი. ეს იყო ჩუმად ჩატარებული ინაუგურაცია იმ 200 ადამიანისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ მას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ინაუგურაცია არ ჩატარებულა.
„ჩაკეტილი თელავი, ჩაკეტილი გომბორი. ახლა რომ გამოვიარეთ გომბორი, ამდენი პოლიცია მობილიზებული არ მინახავს. რისი ეშინოდათ, რამდენიმე ათასი ადამიანის, რომელიც მშვიდობიანად მიდიოდა გზაზე კახეთიდან თბილისისკენ? ყველაფერს დაესმება თავისი წერტილი. ჩვენს ხმამაღალ პროტესტს აუცილებლად გაიგონებს სალომე ზურაბიშვილი, თბილისში იქნება თუ თელავში, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.