ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სოლიდარობისთვის თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, აქციის თარიღსა და დროზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთან, ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ აქციები გაიმართება რეგიონებშიც.
„დღეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, მთელი საზოგადოება შესულია მნიშვნელოვან პროცესებში. ამ პროცესის ორი მიმართულება არის. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ის გამარჯვება, რომელიც ხელში გვიჭირავს, ბოლომდე მივიყვანოთ და საბოლოოდ დავამარცხოთ ამ არჩევნებში„ ქართული ოცნება“. დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამაზე ვიმსჯელეთ და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის ის, რომ თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და სოლიდარობისთვის. რაც შეეხება აქციის თარიღსა და დროს, ამაზე ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს. ამიტომ, ახლა ვერ დაგისახელებთ თარიღს, მოგვიანებით გამოცხადდება აქციის ჩატარების ზუსტი თარიღი. ეს იყო პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი საგანი. იქნება დიდი აქცია, რა თქმა უნდა, აქციები იქნება როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.