ზაალ მიქელაძე - ქობულეთის ოთხ სოფელში 1600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი და გამოკითხვა, მათგან მხოლოდ 13 აღმოჩნდა საყურადღებო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სადაც დღეს გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, 1600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი და გამოკითხვა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, საყურადღებო მათგან მხოლოდ 13-ის მდგომარეობა აღმოჩნდა.
„13 მოქალაქეს, გამოკითხვის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული ჩივილები, რომლებიც ჰგავს ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, თუმცა დღეს ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამის მიუხედავად, მათზე დაწესდა სამედიცინო კონტროლი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით უკვე მოძიებულია 305 კონტაქტი, რომელთა ნაწილი გამოკვლეულია, გამოიკვლევენ დარჩენილ ნაწილსაც.