ზაალ მიქელაძე - აჭარაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ, ვამზადებთ დამატებით კლინიკებს
ზაალ მიქელაძე - აჭარაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ, ვამზადებთ დამატებით კლინიკებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პროგრესირებასთან დაკავშირებით რეგიონი მზადყოფნის რეჟიმში გადადის და ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად ინფიცირებულთათვის სხვა კლინიკებიც მომზადდა.

„შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ, ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად ვამზადებთ დამატებით კლინიკებს. ბათუმში პირველ ეტაპზე ეს იქნება „მედალფას“ კლინიკა, რომელიც ხვალ ჩაეშვება ამ ინფექციის სამართავად. მალევე მას დაემატება ქობულეთში ევექსის რეგიონალური ჰოსპიტალი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული დადასტურებული ხუთი პაციენტია, მათ შორის, ოთხის მდგომარეობა არის მსუბუქი, მინიმალური კლინიკური ნიშნებით. ერთის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, რადგან ტემპერატურის მატების გარდა, აქვს თანხმლები დაავადება რომელიც პროგრესირების ეტაპზეა.

ამასთან, საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში გადაყვანილ ხუთ პირს დღეს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და შვიდს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათგან ორი ავსტრიის მოქალაქე იყო და მათ საქართველო სპეციალური ავიარეისით დატოვეს.

„ორი მოქალაქე იყო ავსტრიიდან, გუშინ საღამოს დადასტურდა ერთი შემთხვევა, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფ ამ პირს ჰქონდა ტემპერატურა. გადაყვანილი იყო კლინიკაში და დაუდასტურდა ეს ინფექცია. მას შემდეგ დავიწყეთ შესაძლო ახლო კონტაქტების მოძიება და აღმოჩნდა, რომ მასთან ერთად იმავე ბორტით კიდევ ერთი პირი იყო ჩამოსული ავსტრიიდან და ისიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ისიც გვიან ღამით გადავიყვანეთ კლინიკაში, გამოვიკვლიეთ და დაუდასტურდა „კოვიდ 19“. ისიც სპცრეისით თავისმა ქვეყანამ ყველა სტანდარტის დაცვით წაიყვანა. ორივე შემთხვება მსუბუქი მიმდინარეობის იყო“, – განმარტა ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1 300-ზე მეტი მოქალაქეა, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი. მათზე ხორციელდება მონიტორინგი. ყოველდღიურად რამდენჯერმე უტარდებათ თერმოსკრინინგი.