ზაალ კაპანაძე - რაჭაში რეანიმობილი იქნება და სეზონის დასრულების შემდეგ მისი სხვაგან გადაყვანა არ იგეგმება
ზაალ კაპანაძე - რაჭაში რეანიმობილი იქნება და სეზონის დასრულების შემდეგ მისი სხვაგან გადაყვანა არ იგეგმება

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამბროლაურის კუთვნილი რეანიმობილი რეგიონს ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

„რაჭაში რეანიმობილი იქნება და სეზონის დასრულების შემდეგ მისი სხვაგან გადაყვანა არ იგეგმება“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

რეგულირების სააგენტომ დაასრულა 21 ივლისს მომხდარი შემთხვევის მოკვლევა, როდესაც ამბროლაურიდან თბილისისკენ მიმავალ რეანიმობილში 16 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. გამოიკვეთა რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.

„რეგულირების სააგენტოს მხრიდან განხორციელდა შემოწმება, რამდენიმე ეტაპი იქნა გავლილი. ჩვენი მოკვლევის შედეგად, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა და პროფესიული განვითარების საბჭოზე გავა მათი საკითხი. ეს სამსახური იმსჯელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ. რაც შეეხება პასუხიმგებლობას, კანონმდებლობა ითვალისწინებს გაფრთხილებას, ექვს თვემდე სამედიცინო საქმიანობის უფლების შეჩერებას, აგრეთვე მთლიანად გაუქმებას. ამაზე საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ამბროლაურში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კერძო რეანიმობილების შემოწმება დაიწყო. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დაფიქსირდა სტანდარტების დარღვევის შემთხვევები.

„სალიცენზიო პირობები არსებობს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რეანიმობილი. გადამოწმდა რამდენიმე რეანიმობილის ტექნიკური აღჭურვილობა. ჩვენი კანონმდებლობით აპარატურა 1998 წელს გამოშვებულზე ძველი არ უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ არ იკითხებოდა ზოგ შემთხვევში გამოშვების წელი და ვერ ჩავთვალეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ჩვენი კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებს და დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება, სანამ არ გამოასწორებენ ხარვეზებს“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.