ყველაზე პოპულარული ვიტამინ-დანამატები სინამდვილეში უსარგებლოა - ახალი მასშტაბური კვლევა
ვიტამინები და მინერალური დანამატები მრავალი ადამიანის კვების რაციონის მთავარი ნაწილია. თუმცა, სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომ მათ შორის ყველაზე პოპულარული საშუალებები სინამდვილეში უსარგებლოა.
2012 წლის იანვარსა და 2017 წლის ოქტომბერს შორის დაგროვებული მონაცემებისა და კლინიკური კვლევების სისტემატიური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მრავალი პოპულარული მულტივიტამინი, მათ შორის ვიტამინი C, ვიტამინი D და კალციუმის დანამატები არ აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. არ გამოიკვეთა არც იმის მტკიცებულება, რომ მათი მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევების, ინსულტის ან ნაადრევი სიკვდილის რისკებს.
Journal of the American College of Cardiology-ში გამოქვეყნებულ კვლევას ტორონტოს წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ.
„გაოცებული ვართ იმ მცირე დადებითი ეფექტებით, რომლებსაც ადამიანთა მიერ ყველაზე პოპულარულ დანამატთა მიღება იძლევა. ჩვენმა მიმოხილვამ დაადგინა, ისეთი მულტივიტამინების მოხმარება, როგორებიცაა მაგალითად, ვიტამინი D, კალციუმი თუ ვიტამინი C, სულაც არ არის საზიანო, მაგრამ მათ არც რაიმე გამოკვეთილი დადებითი ეფექტი აქვთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი დევიდ ჯენკინსი.
თუმცა, შეიმჩნევა დანამატების ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე უპირატესობაც. როგორც კვლევამ დაადგინა, ფოლიუმის მჟავამ და B ვიტამინებმა ამ მჟავასან ერთად, შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკი.
მაგრამ ამავე დროს, ნიკოტინმჟავა (ვიტამინ B3-ის ერთ-ერთი სახე) და ანტიოქსიდანტები დაკავშირებული აღმოჩნდა ამ მიზეზებით სიკვდილის მაღალ რისკთან.
მკვლევართა თქმით, ეს მაღალი რისკი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნიკოტინმჟავის გვერდით ეფექტზე სისხლში შაქრის დონესთან მიმართებაში. ასევე, დიდი დოზით მიღებისას საზიანო ხდება ანტიოქსიდანტებიც.
„შედეგები გვთავაზობს, რომ ადამიანებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ მათ მიერ მიღებულ დანამატთა არსი, ამავე დროს უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის დაშვებულია სპეციფიკური ვიტამინებისა და მინერალების მიღება“, — აღნიშნავს ჯენკინსი.
ჯგუფის მიერ შესწავლილ ვიტამინებს შორის არის A, B1, B2, B3 (ნიკოტინმჟავა), B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), C, D და E, ასევე კაროტონი (პროვიტამინი A), კალციუმი, რკინა, თუთია, მაგნიუმი და სელენი.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ვიტამინი სხვებთან შედარებით უფრო სასარგებლოა. მაგალითად, თუთია დაკავშირებული აღმოჩნდა გაციების ეფექტების შემცირებასთან, რასაც ასე კარგად ვერ ართმევს თავს ვიტამინი C, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა.
გარდა ამისა, საკვებიდან ძალიან ძნელია D ვიტამინის მიღება. შესაბამისად, თუ მისი ნაკლულობა გაქვთ, დანამატები შესაძლოა, ასევე ეფექტიანი იყოს.
„მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით ფოლიუმის მჟავის პოტენციალს გულის დაავადებების რისკის შემცირების მხრივ — ყველაზე სასარგებლოა იყოთ კვების ჯანსაღი რაციონის იმედზე, რაც ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს შეგივსებთ“, — ამბობს ჯენკინსი.
მისი თქმით, დანამატების არც ერთ კვლევას აქამდე არ უჩვენებია იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ეს ჯანსაღ კვებას აქვს. როგორც იგი აღნიშნავს, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებ დამუშავებული მცენარეული საკვები, მათ შორის ბოსტნეული, ხილი და კაკლეული.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით