ყველა ლომბარდს მოუწევს, აღრიცხოს დალომბარდებული ნივთები, რომლებზეც წვდომა შსს-საც ექნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ყველა ლომბარდს მოუწევს აღრიცხოს დალომბარდებული ნივთები, რომლებზეც წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭირვალე. გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების საქმიანობაში“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია დღეს გამართა. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.