სოფელ გრემში მოსახლეობა ტაძრის სიახლოვეს სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს
გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერთან ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ტურისტული ობიექტის აშენებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შემოტანილი ტექნიკა ტაძარს დანგრევის საფრთხეს უქმნის.
გრემის მთავარანგელოზთა მონასტრის მღვდელმონაზონი იოანე ამბობს, რომ ტაძრის გუმბათიდან ბათქაში ჩამოცვივდა.
„ტაძარში ვიყავით და ვლოცულობდით. დაბლა, მდელოზე ტექნიკამ წყლისთვის მიწის დაბურღვა რომ დაიწყო, არ გასულა დიდი დრო, გუმბათიდან ჩამოიშალა ბათქაში“, – ამბობს მამა იოანემ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიის გასხვისების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.
„ეს ტერიტორია ჩვენი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, ტაძრის დანგრევის საფრთხის გამო, ჩვენ აქ, არავის არაფრის აშენების უფლებას არ მივცემთ. მოსახლეობა ამ მდელოზე სახალხო დღესასწაულებს ვმართავთ, ასევე წმინდა ადგილია და არ შეიძლება, აუზებისა და ტუალეტების აქ აგება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
როგორც საქართველოს პირველ არხს გრემის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმონაზონმა, მამა იოანემ განუცხადა, სამუშაოები კულტურის სამინისტროს ჩარევის შემდეგ ორი დღეა შეჩერებულია და დღეს სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან.
ადგილობრივების თქმით, მათთან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ.