ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხატია დეკანოიძისა და გიორგი ბოტკოველის მისვლას ხმაური მოჰყვა
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და გიორგი ბოტკოველმა დღის წესრიგში განსახილველად ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის შეძენის საკითხის ჩასმა მოითხოვეს. იმის გამო, რომ საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას სხდომაზე განსახილველად წინასწარ არ ჰქონდა წარდგენილი, იგი საკრებულოს სხდომის ბოლოს განიხილეს.
დეკანოიძის თქმით, ყვარლის ჰოსპიტალს არ აქვს რეანიმაცია და არ ჰყავს რეანომობილი, ექიმებს პაციენტების გადაყვანა კი თელავში უწევთ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გამო, ზოგჯერ პაციენტის გარდაცვალებით სრულდება. ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისი ბიძაც ამ მიზეზით გარდაიცვალა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაღიზიანება „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პასუხმა გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ დეკანოიძის ბიძის, ბესიკ იაშვილის გარდაცვალების მიზეზი არა შეუსაბამო პირობები, არამედ სტენტირების ოპერაციისთვის მის მიერ დაგვიანებული მიმართვა გახდა. მისი თქმით, საკრებულოს ამ მიმართულებით დაწყებული აქვს სამედიცინო კომპანიებთან მოლაპარაკება.