ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს სასამართლოში უჩივის
ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი მაია სამიტაშვილი მუნიციპალიტეტის მერს, როსტომ სესიაშვილს სასამართლოში უჩივის და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან მერმა პირადი გადაწყვეტილებით, უსაფუძვლოდ გაათავისუფლა.
„ჩემი გათავისუფლება კანონდარღვევით განხორციელდა. მე ყოფილი მერის კადრი ვიყავი და ვფიქრობ, ეს გახდა მიზეზი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან ერთი თანამშრომელი გავუშვი, რაც შემდგომ ჩვენს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა“, – განაცხადა მაია სამიტაშვილმა.
ყვარლის მერი ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მაია სამიტაშვილს ბოლო დროს ხშირად ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია თანამშრომლებთან.
„მისი გათავისუფლების მიზეზი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კოლეგებთანაც არაჯანსაღი და დაძაბული ურთიერთობა გახდა“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
ბაგა-ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი საკუთარი შრომის უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს. მან სარჩელით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.