ყვარელში მდებარე ე.წ. სისონაანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში მდებარე მე-18 საუკუნის ე.წ. სისონაანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ე.წ. სისონაანთ კოშკი კომპლექსია, რომელიც შედგება კოშკის, გალავნისა და მარნისგან.
„კოშკი ნაგებია რიყის ქვის რეგულარული წყობით დუღაბზე. კოშკს დასავლეთის მხრიდან მთელს სიგანეზე ეკვროდა მარანი, რომლის ჩრდილოეთ კედელთან მარნის მთელ სიგრძეზე ჩაშენებული იყო ქვის საწნახელი. საწნახლის ენა შუაში იყო დატანებული, საიდანაც მილით ყურძნის წვენი მიწაში ჩაყრილ ქვევრებში ჩადიოდა. მარნის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც იმავე დროს კოშკის დასავლეთ კედელს წარმოადგენდა, ნიშაა გაკეთებული. კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში იმ ეპოქამდე უნდა იყოს აგებული, სანამ კახეთში ფართოდ მოიკიდებდა ფეხს მრგვალი კოშკების შენება. კომპლექსს აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმები და დეტალები: სათოფურები, ბუხარი, შეკიდული აივნები, თაღოვანი კარები, თაღჩები. აღსანიშნავია ქვის საწნახელიც“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.