ყვარელში მდებარე ე.წ. ლაშარის დიდსალოცავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში მდებარე მე-18-მე-19 საუკუნეების ე.წ. ლაშარის დიდსალოცავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფრომაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით.
„კუთხეებში, თაღების, ლავგარდნის და ფასადთა შემკულობისთვის გამოყენებულია აგური. კარი სამი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან თარაზულადაა დასრულებული. კარის გარშემო აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული ჩარჩოა, რომელიც ხერხულა ლავგარდნით სრულდება. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. კედლები აგურის სამრიგი ლავგარდნითაა დასრულებული. გადახურულია კრამიტით. დასავლეთის მხარეს დადგმულია აგურის ოთხ თაღიანი სამრეკლო-ფანჩატური, რომელიც პირამიდული აგურისავე გუმბათით სრულდება. აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდია, რომლის კონქი ფართო მხრებსა და შეისრულ თაღს ეყრდნობა. აბსიდის ჩრდილოეთ კედელში ორი, ხოლო სამხრეთისაში ერთი ნიშია გაკეთებული. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესია შეისრული კამარითაა გადახურული, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ერთი კრონშტეინებზე დაბჯენილი თაღი დარბაზის შუაშია, მეორე კი დასავლეთის კედლის კუთხეებში არსებულ პილასტრებზე გადადის. ეკლესიის ფასადები აგურითაა გაფორმებული: აღმოსავლეთის ფრონტონში ერთი, დასავლეთისაში კი სამი ჩაღრმავებული კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული. ასეთივე ჯვარია მოცემული სამხრეთი კარის თავზე. სამივე კარის გვერდებზე აგურის წყობის ჩაღრმავებით სამ-სამი რომბია მოცემული“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.