ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა ლოცვა აღავლინა
მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს.
დღეს სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ბაირამის დღესასწაულზე მორწმუნეები ალაჰს მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ხორცი ოჯახის წევრებთან ერთად, განურჩევლად რელიგიისა, მეზობლებზე, შეჭირვებულებსა და უპოვრებზე ნაწილდება.
ყურბან-ბაირამი სამი დღის განმავლობაში გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
მსხვერპლშეწირვის ტრადიცია ბიბლიურ აბრაამს უკავშირდება. ყურანის მიხედვით, უფლის სურვილი იყო, რომ აბრაამს მისთვის საკუთარი შვილი შეეწირა. როცა იგი დარწმუნდა, რომ წინასწარმეტყველი მზად იყო მისთვის შვილი მართლაც შეეწირა, კრავი მოუვლინა და შვილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა – ნიშნად იმისა, რომ აბრაამმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.