ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს. ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი, 700 მილიონ აშშ დოლარამდეა.

აღნიშნული მონაცემებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის ყველაზე მსხვილ კერძო საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არსებობა ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ქვაკუთხედი გახდება, რაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების გარანტი იქნება. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას.

საწარმოს წლიური სიმძლავრე პირველ ეტაპზე შეადგენს 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას და ის ფუნქციონირებას მომავალი 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, მარტში დაიწყებს. 2026 წლის ბოლოს საწარმოს სიმძლავრე დამატებით კიდევ 2,8 მილიონი ტონით გაიზრდება და მიაღწევს 4 მილიონ ტონას წელიწადში. 2028 წლის ბოლოს კი საწარმოში უკვე სრულად იქნება დანერგილი პროექტით გათვალისწინებული ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების სიღრმისეული გადამუშავების მაღალტექნოლოგიური პროცესები.

ქარხნის განვითარების საბოლოო ეტაპზე „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს, არა მარტო სრულად ჩაანაცვლოს იმპორტი და დაფაროს საქართველოს ბაზრის მოთხოვნა ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინით და დიზელით, არამედ საავიაციო საწვავით, ბიტუმით, თხევადი გაზით და გოგირდმჟავათი. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოახდინოს საკუთარი პროდუქტების ექსპორტი ევროპის და მსოფლიოს ბაზრებზე. აღნიშნული პროექტით საფუძველი ეყრება ახალი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბებას.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების მაჩვენებლებზე: პირველ ეტაპზე ქარხნის საერთო ბრუნვა მიაღწევს 3 მილიარდ ლარს (1,1 მილირადი აშშ დოლარი), სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ კი 10 მილიარდი ლარი (3,7 მილარდი აშშ დოლარი) იქნება. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქართული ეროვნული ვალუტის ლარის მდგრადობას და სტაბილურობას.

ყულევის ნავთობგადამამუშავებილი საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ავტომატურად ნიშნავს იმპორტ-ჩანაცვლებასა და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას, რაც საცალო მომხმარებელთათვის საწვავზე შემცირებული ფასებით აისახება. ზემოთაღნიშნული, ქვეყანაში ფასების სტაბილურობის და ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელი ფაქტორი გახდება.

პროექტი საქართველოში ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ახალი, აქამდე უცნობი პროფესიების ჩამოყალიბებისათვის, რაც ჩვენი ახალგაზრდობისათვის ახალი ცოდნის და სამუშაო გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იქნება. ეს უკანასკნელი დიდი ბიძგია უმაღლესი სკოლის სასწავლო და სამეცნიერო პოტენციალის შემდგომი განვითარებისათვის წარმოებასთან მჭიდრო კავშირში.
ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას – პირველ ეტაპზე შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, რომელიც საბოლოო ეტაპზე გაორმაგდება და 1 000 დასაქმებულს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა იქნება ადგილობრივი კადრები.