ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება
ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე აცხადებს, რომ მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება.
მეტონიძე აღნიშნავს, რომ საქმეში ჩართულია ჟესტური ენის თარჯიმანი.
„ბავშვი ჯანმრთელად არის, უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დღეს დასრულდება. ჩართულია ჟესტური ენის თარჯიმანი, ანუ კომუნიკაციის პრობლემა ყველგან მოგვარებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. დაკავებული არიან პოლიციელები, რომლებმაც იძალადეს და მივყვებით ბოლომდე ამ პროცესს. ჩვენი სურვილია, რომ ადეკვატური იყოს სასჯელი ამ ადამიანების მიმართ, მათ თუ ეწოდებათ საერთოდ ადამიანები. უფლებამოსილების გადამეტებაზე მიდის გამოძიება, ჩვენ რასაც ვხედავთ. ეს არის ძალიან დიდი აღშფოთების მიზეზი ყრუ და სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაში და ძალიან დიდი ემოციური ფონია. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ადამიანებს. მოგეხსენებათ, რომ გარემო სრულად არ არის ადაპტირებული, ანუ ინფორმაციის მიღება უჭირს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს.
ცნობიერების ამაღლების კუთხით, არაერთი ტრენინგია ჩატარებული და მნიშვნელოვანი საკითხებიც არის გადაჭრილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუდმივად სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება, რადგან მოგეხსენებათ, რომ საჯარო დაწესებულებებში და სხვადსხვა ინსტიტუციებში იცვლებიან შესაბამისად პასუხისმგებელი პირები. მე არ ვფიქრობ, რომ ამას შეგნებულად ვინმე აკეთებს“, – განაცხადა მაია მეტონიძემ.
თბილისში, ისნის მეტროსადგურში პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში, რომელიც მოქალაქემ გადაიღო და მედიასაშუალებებს მიაწოდა, ჩანს, რომ სამართალდამცველებს ბიჭი მეტროს ქვედა ტერიტორიიდან ესკალატორით ზემოთ ამოჰყავთ, რა დროსაც მათ თანმხლები პირი უხსნის, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონეა, არ ესმის, არც საუბარი შეუძლია და მათ კითხვებს ვერ უპასუხებს. ამის მიუხედევად, როგორც კადრებიდან ჩანს, მოქალაქე სამართალდამცველებს სავარაუდოდ მანდატურის ოთახში გადაჰყავთ, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად უსწორდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შსს პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ.