„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან
ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები 7 ნოემბერს დაანონსებულ სახალხო შეკრებას შეუერთდებიან. მათი თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფი იკრიბება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, შვიდი ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შავი ლაქაა და აღნიშნული არავის უნდა დაავიწყდეს.
„ზეგ შვიდი ნოემბერია, 14 წელი გავიდა იმ შვიდი ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და მისმა ავტორიტარულმა რეჟიმმა პარლამენტის წინ დაარბია მოშიმშილეები, რომელსაც მოჰყვა ის გრანდიოზული მიტინგი, რომელიც ასევე იქნა დარბეული. როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვადასხვა დაზარალებული ჯგუფი გეგმავს ზეგ ხუთ საათზე შვიდი ნოემბრის აღნიშვნას. ჩვენი ორგანიზაცია და ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად უერთდება ამ წინადადებას, რომ შევიკრიბოთ ყველანი ერთად რუსთაველზე, სადაც მოხდა დარბევა. ჩვენი ორგანიზაცია უერთდება შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციას და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს საშინელი დარბევა მოაწყო 14 წლის წინ, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს დასრულდა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რეჟიმი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ეს ყოველთვის იყო დღის წესრიგში ჩვენი მხრივ, მაგრამ მას მერე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაბედა და თქვა, რომ შვიდ ნოემბერთან მიახლოებულ თარიღში შესაძლებელი იყო მათი მხრიდან რაიმე აქციის ჩატარება, ამან განაპირობა კოორდინირება, რომელიც ახლა ამ ჯგუფებს შორის მოხდა. 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, უკვე გაჩნდა ეს იდეა და მეორე წელს მაშინვე უკვე აღსრულდა კიდევაც. ყველა შვიდი ნოემბერი, ვიდრე ჩვენ ცოცხლები ვიქნებით, იქნება აღნიშნული და იქნება პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა კაკაბაძემ.