ყოფილი პატიმარი - რესოციალიზაციის პროგრამის შესახებ ტელევიზიით, თეა წულუკიანის მეშვეობით გავიგე
გათავისუფლების შემდეგ, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის შესახებ ტელევიზიით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეშვეობით გავიგე, – ამის შესახებ რესოციალიზაციის პროგრამით მოსარგებლემ, მერაბ ძირკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სოციალური მუშაკები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისთვის დაუზოგავად შრომობენ. მათ, რომ იტყვიან, ჩვენს რეაბილიტაციაში სული და გული ჩადეს და ამისთვის პირველ რიგში, ქალბატონ თეა წულუკიანს და ასევე, ყველა სოციალურ მუშაკს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მე ბიზნესის დაფინანსების მიმართულება ავირჩიე და სოციალურმა მუშაკებმა ფონდ „აფხაზეთთან“ დამაკავშირეს, სადაც დაგვატრენინგეს, თუ როგორ უნდა დაგვეწერა პროექტები. დავწერეთ პროექტი, კონკურსში გავიმარჯვეთ და დაფინანსება მივიღეთ. ამ პროექტში ჩემი თანადაფინანსებაც იყო“, – განაცხადა ძირკვაძემ.
მისი თქმით, თუ ბიზნესში ყველა დეტალს გაითვალისწინებ და ყველა თეთრს მიზნობრივად მიმართავ, წარმატება გარდაუვალია.
„დღეს უკვე დიდი გადამამუშავებელი საწარმო გვაქვს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 250–დან 300 კგ–მდე სუფთა, ნატურალური რძისგან დამზადებულ ყველს ვაწარმოებთ. მარკეტინგული სისტემა მოწესრიგებული გვაქვს. ამ ეტაპზე, დასაქმებული გვყავს 11 ადამიანი. ჩვენი წარმოება ყოველდღიურად იზრდება და ამ ყველაფრის საფუძველთა საფუძველი იუსტიციის სამინისტროა“, – განაცხადა რესოციალიზაციის პროგრამით მოსარგებლე ყოფილმა პატიმარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშუალოდ პატიმრობისას სარგებლობდნენ თუ არა ადამიანები სასჯელაღსრულების სამინისტროში მოქმედი პროგრამებით, მერაბ ძირკვაძემ თქვა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს პატიმრები დიდ ზეწოლასა და წნეხს განიცდიდნენ და ასეთი პროგრამებით არ სარგებლობდნენ.
„მათი სარგებლობა მხოლოდ ცემა-ტყეპა და გაუბედურება იყო. ახლა კი, როგორც ბოლო პერიოდში გათავისუფლებული პატიმრები მეუბნებიან, ციხეში ძალადობა აღარ არის და საჭმელის თუ სასმელის პრობლემა არ დგას“, – განაცხადა ძირკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ, პირველი სამი თვე მისთვის კატასტროფა იყო, რადგან გარემოსთან შეგუება ძალიან გაუჭირდა.
„3 წელი და 3 თვე პატარა დრო არ არის, როცა უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზიხარ და და იმ უბედურებას უყურებ, რაც მაშინ ციხეებში ხდებოდა“, – განაცხადა მერაბ ძირკვაძემ.