ყოფილი პატიმარი ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
ყოფილი პატიმარი ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

ყოფილი პატიმარი დანტე რეხვიაშვილი სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების საპყრობილის რეჟიმის ყოფილ ინსპექტორ კახა ყალიჩავას ძალადობასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. რეხვიაშვილი 2008 წელს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

მისივე განცხადებით, რადგან დანაშაულს არ აღიარებდა, ყალიჩავა და ასევე სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი ლაშა ჩხაიძე ზეწოლას ახორციელებდნენ.

„ყალიჩავა და სხვები სისტემატურად მცემდნენ, 260-ე მუხლით ვიყავი დაკავებული, ამის აღიარება უნდოდა. „რაციით“ ცხვირი გამიტეხა, მუქარაც იყო და ცემაც ყალიჩავას და ლაშას მხრიდან. ლაშა ამჟამად დაღუპულია. ჩემგან საჩივარი შევიდა პროკურატურაში და ახლა გამოძიებამ იცის. ჩემს ცემას ხედავდნენ ჩემი თანასაკნელებიც“, –  აცხადებს დანტე რეხვიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ძალადობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 10 თვის შემდეგ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს და მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ყალიჩავას მიმართ პროკურატურამ დევნა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და პროკურატურა არ გამორიცხავს ბრალის დამძიმებას.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, არსებობს არაერთი პატიმრის განცხადება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ძალადობაში ადანაშაულებს ყალიჩავას.

რაც შეეხება მეორე პირს, სასჯელაღსრულების ყოფილ თანამშრომელს ლაშა ჩხაიძეს, ის გარდაცვლილია და მის მიმართ სამართალწარმოება ვერ დაიწყება.

ასევე პროკურატურაში დღეს შეხვედრა გაიმართა კიდევ ერთ ყოფილ პატიმართან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ზვიად შინჯიკაშვილთან. სწორედ დღევანდელი შეხვედრიდან გახდა ცნობილი, რომ შინჯიკაშვილის საქმის გადახედვა მოხდება. ის 2011 წელს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ზვიად შინჯიკაშვილის განცხადებით, მისი დაკავება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ 26 მაისის ანტისამთავრობო აქციის აქტიური მონაწილე იყო.