ყოფილი მოსამართლე ნანა წულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნის წესს ასაჩივრებს
ყოფილი მოსამართლე ნანა წულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნის წესს ასაჩივრებს. სასამართლოს პლენუმმა საქმე წარმოებაში მიიღო და დღეს არსებითი განხილვა დაიწყო.
სარჩელში „ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გასაჩივრებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით, პირის მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა.
ამასთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის და არა დანიშვნის წესით.
მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც 1995 წელს კონკურსის გარეშე განწესდა თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მას სჭირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისთვის მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლის დავალდებულება არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. ამავე დროს, იგი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება იმ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებიც თანამდებობაზე კონკურის წესით განწესდნენ და შესაბამისად, თავისუფლდებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან.
პარლამენტის წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ არსებითი განსხვავებაა მოსამართლედ პირის დანიშვნასა და კონკურსის წესით შერჩევას შორის. ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას იძლევა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. სრული კურსი მოიცავს 10-თვიან პერიოდს, ამდენად ეს არ არის განსაკუთრებული ბარიერი, რომელიც მოსამართლეობის მსურველს მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის.