ყოფილი მძევალი ლაშა შენგელია - რამე საპირისპირო რომ მომხდარიყო, თავდამსხმელი ხელყუმბარას ააფეთქებდა
ლაშა შენგელია, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი იყო, საქართველოს პირველ არხთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.
შენგელია ერთ-ერთი იყო იმ ოთხ მძევალს შორის, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკის შენობიდან გაიყვანა და სოფელ კირცხთან დატოვა.
როგორც ის აცხადებს, თავდამსხმელი თავდაპირველად აგრესიული იყო, თუმცა შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მისივე თქმით, ის მძევლებს ეუბნებოდა, რომ თუ სამართალდამცველები სპეცოპერაციას არ ჩაატარებდნენ, ის მათ არაფერს დაუშავებდა.
„თავდამსხმელი ბანკში შემოსვლისთანავე აგრესიული იყო, კადრებშიც ჩანს, როგორ იქცევა. მერე, მესამეზე რომ აგვიყვანა, რადიკალურად შეიცვალა. თან, ბატონი ავთო გალდავაც დაგვიკავშირდა, თავდამსხმელს აღუთქვა, რომ თანხას მოუტანდა და იქიდან გაყვანის გარანტიას მისცემდა. ხელში სულ ხელყუმბარა ეჭირა და ამბობდა, რომ თუ ამათ არ გაგწირეს ან სპეცოპერაცია არ ჩაატარეს, მე არაფერს გიზამთო, მე თქვენგან არაფერი მინდაო, ციხეში არ წავალო. რამე საპირისპირო რომ მომხდარიყო, ხელყუმბარას ააფეთქებდა. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ყველასთან თანაბრად იქცეოდა.
გვითხრა, მედიას დავკავშირებოდით და გვეთქვა, რომ ხელყუმბარა ეჭირა, რომელსაც, რამე რომ მომხდარიყო, ხელს გაუშვებდა“, – განაცხადა შენგელიამ.
შენგელიას თქმით, თავდამსხმელმა მძევლებს საშუალება მისცა, თავად აერჩიათ, ვინ გაჰყვებოდა მას ბანკის შენობიდან გასვლის შემდეგ.
„გვკითხა, ვინ გამოგვყვებითო. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, იქ ქალებიც იყვნენ და ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ წავყვებოდით. ერთადერთი იმის გვეშინოდა, ძალოვნებს რამე არ გაეკეთებინათ, თორემ ხელყუმბარას აამოქმედებდა.
არანაირი კვალი არ დაუტოვებია, არც სიგარეტი მოუწევია. გასვლის დროს წყალი დაღვარა, ალბათ, ნაკვალევის დასაფარად.
მანქანაში არაფერს ამბობდა. ბოლოს, როცა მივედით სოფელ კირცხში, მდინარესთან მანქანიდან ჩავიდა, ყუმბარას დამცველი გაუკეთა, ავტომატი დაგვიმიზნა და გვითხრა, წადით, არ მოიხედოთო“, – განაცხადა ლაშა შენგელიამ.