ყოფილი კინოსტუდიის შენობაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული ს.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 1983 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა, ხოლო 1987 წელს დაბადებულ ი.რ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.
დაჭრილი და დაშავებული მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.