რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძეა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ბაზრობის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, მოკლულის ოჯახი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, თვითმხილველთა თქმით, მოკლული დაცვის თანამშრომელმა იპოვა.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე, რომლის თქმით, მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მისთვის უცნობია, რა მოხდა.
„ის იყო ჩემი მეგობარი. გავიგე, რომ დაიღუპა და წამოვედი. დილით ერთად ვიყავით. კარგ განწყობაზე იყო. კონფლიქტი არავისთან ჰქონია. არ ვიცი, რა მოხდა. შიგნით შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ“, – განაცხადა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლულის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ.
სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში; 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში; 2004-2006 – წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი.
2008 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
გენერალი სოსო ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.
გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.