ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები 43 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები, ადმინისტრაციული დაპირების მქონე, ოროთახიანი ბინის მომლოდინე 43 დევნილი ოჯახი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დევნილთა სააგენტო აგრძელებს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესს.
„როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ, დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახები ახალი საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდებიან.
სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. ოროთახიანი ბინის კანდიდატი 43 დევნილი ოჯახი ახალი ბინას თბილისში მიიღებს, ორი დევნილი ოჯახი კი რეგიონში განსახლდება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში,
ჯაბა სირბილაძის განმარტებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურ ფაზაშია, 2022 წელს კი ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი ეტაპობრივად განსახლდება.