ყირგიზული მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ყირგიზეთის პრეზიდენტს მოუწოდა, არ დაამტკიცოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს მოუწოდა, არ დაამტკიცოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ყირგიზული მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა ჟაპაროვს წერილი გასულ თვეში გაუგზავნა.
წერილის თანახმად, ყირგიზეთის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია, არის ყველაზე ძლიერი რეგიონში და ყირგიზეთში დემოკრატიის ძირითადი ნაწილი, თუმცა შეშფოთებას იწვევს ყირგიზეთის პარლამენტის კანონპროექტი უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ.
ბლინკენის წერილის მიხედვით, დამტკიცების შემთხვევაში, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასჯელს დაუწესებს და საფრთხეს შეუქმნის ყირგიზეთის ერთ-ერთ უდიდეს აქტივს. ენტონი ბლინკენის თქმით, ამჟამინდელი ფორმით, ეს კანონი საფრთხეს უქმნის ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება იმ პროგრამების საშუალებით, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აშშ-ის მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
„აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ამ კანონით, რომ ისინი განიხილავენ ყირგიზეთის რესპუბლიკაში თავიანთი ოპერაციების პრევენციულ შეწყვეტას. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი კანონების მიღების შედეგები სხვა ქვეყნებში. თუ ეს კანონი დღევანდელი ფორმით მიიღება, შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თქვენს მოქალაქეებს მცირე მომსახურებას უწევენ. მე მოგიწოდებთ, აწონ-დაწონოთ ეს შეშფოთებები და განიხილოთ ისინი პარლამენტის ლიდერებთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილში.