რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში სამიტის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
„პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარებაა, მაგრამ დღის წესრიგში გვაქვს სხვა საკითხებიც, რომლებიც საკმაოდ ვრცელია. გთავაზობთ, რომ მოვაწყოთ ჩვენი მუშაობა შემდეგნაირად – დავიწყებთ, შესაძლოა, მეორე ნაწილით, მივცეთ გამოსვლის საშუალება ჩვენს კოლეგებს, ხოლო შემდეგ ჩვენ დავრჩებით და ვისაუბრებთ საკითხების მთელ სპექტრზე, მათ შორის სენსიტიურ საკითხებზე“, – განუცხადა პუტინმა ალიევს.
ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან ბევრ თემაზე აქვს სასაუბრო.
„ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ამ წლის სავაჭრო ბრუნვისა და სამრეწველო თანამშრომლობის შედეგები შთამბეჭდავია. ამასთან, გვაქვს ბევრი ახალი პროექტი, ხოლო ამის შემდეგ გადავალთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე“, – აღნიშნა ალიევმა.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ერთად განიხილავს რუსი სამშვიდობოების მომავალს მთიან ყარაბაღში.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ დაესწრება.