ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ცნობით, „თალიბანის“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დეტალური განხილვისა და შეფასების შემდეგ. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისა და დიალოგის მხარდაჭერისკენ.
ყირგიზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება თავად „თალიბანი“, კრემლში კი აცხადებენ, რომ ბიშკეკის ამ ნაბიჯს გაგებით ეკიდებიან.
„ეს აუცილებელია. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის კონტაქტის დამყარება, ამ კონტაქტებისგან გამიჯვნა კი ასევე არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ასეთ სიტუაციას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.