ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე, კომპანია „ავიატორი +“-ის თანამშრომლები გამოკითხეს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე, მცხეთის პოლიციის სამმართველოში კომპანია „ავიატორი +“-ის თანამშრომლები გამოკითხეს.
კომპანიის წარმომადგენლების ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, სამართალდამცველებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
„ვისაუბრეთ, რა პირობებში მოხდა ვერტმფრენის შეძენა, როგორ გადიოდა ის ტექნიკურ დათვალიერებას და ა.შ. დღეს ხუთი-ექვსი ადამიანი გამოიკითხა. ხელმძღვანელობაც იყო და ყველა თანამშრომელი, მათ შორის, კომპანიის დირექტორი.
ამ დროისთვის, არ დგას კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი. ამოცანა არის ის, რომ სურათი სრულად აღდგეს, სრული დოკუმენტაცია იყოს მოძიებული. შემდეგ ყველა დაელოდება მომხდარის გამომწვევი მიზეზის დადგენას, კომისიის მუშაობას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.
კომპანია „ავიატორი +“-ს („აჭარა ჯგუფი“) ეკუთვნის ვერტმფრენი რომელიც, გუშინ ყაზბეგში ჩამოვარდა. ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.