გვიან ღამემდე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები ყაზბეგში, მყინვარწვერზე, სადაც ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბელგიის მოქალაქეს სავარაუდოდ თოკი გაუწყდა და ჩამოვარდა.
ცუდი ხილვადობის გამო, მაშველებმა გარდაცვლილი ტურისტის ცხედრის ამოყვანა ჯერ ვერ შეძლეს.
მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის, თემურ მონიავას განცხადებით, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.
„სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია იქიდან გამომდინარე, რომ დაღამდა და ცუდი ხილვადობაა. აქ არის რთული მეტეოროლოგიური პირობები, ნისლიც ჩამოწვა და ამიტომ შევაჩერეთ სამაშველო სამუშაოები. სამძებრო სამუშაოები განახლდება გათენებისას. სამუშაოებში ჩართულია ვეტმრფენიც, რომელმაც განახორციელა ექვსი ასვლა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ მოხერხდა დაღუპულის გადმოსვენება“, – განაცხადა თემურ მონიავამ.
რაც შეეხება დაშავებულ ტურისტს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა.