ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდინარეების ადიდებამ პრობლემები შექმნა [ფოტო/ვიდეო]
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში თერგი, არაგვი, ბიდარა და ჩხერე ადიდდა. ამის შესახებ პირველ არხს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე მაცაცო ნარიმანიძემ განუცხადა.
მაცაცო ნარიმანიძის განცხადებით, მდინარეების ადიდებამ, განსაკუთრებული პრობლემები თრუსოს ხეობაში, მლეთასა და ყანობში შექმნა.
„ძლიერი წვიმა. მდინარე თერგი ადიდდა და სოფელი ყანობი გარე სამყაროს მოწყვიტა, მოსახლეობა ფეხით ვერ გადმოდის, ხიდები და ბოგირებია წაღებული, თუმცა მაღალი გამავლობის მანქანებით მდინარეზე გადასვლა მაინც შესაძლებელია. ამ წუთებში ტექნიკა მუშაობს და ცდილობენ მდინარე თერგი გადააგდონ კალაპოტში. ასევე ადიდებულია მდინარე ბიდარა, რომელმაც სამანქანო გზა ჩახერგა, აქაც გაწმენდილი სამუშაოები მიმდინარეობს და სიტუაცია აქ რთულად არაა. ასევე მდინარე ჩხერეს ადიდების გამო დაიმეწყრა გერგეტის სამების შემოვლითი გზაც სადაც გზის მშენებლობა მიმდინარეობდა. იქ ახლა ფაქტობრივად მიუვალი ადგილია და ამიტომ ამ დროისთვის ტექნიკა მუშაობის ვერ ახერხებს”, – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
მისივე თქმით, ასევე რთული ვითარებაა თრუსოს ხეობაშიც, სადაც არსებული ინფორმაციით, 3-დან 10-მდე ტურისტებით დატვირთული მანქანაა შესული.
„თრუსოში ჩამოწვა მეწყერი. ჩვენი ინფორმაციით, ხეობაში იმყოფებიან ტურისტები, თუმცა ჯერ მათთან კონტაქტი არ გვქონია, იქ ფიზიკურად ტელეფონი არ იჭერს და არ ვიცით, რა მდგომარეობაში არიან. თუმცა ჩვენ ახლა მივდივართ ხეობაში. ადგილობრივ ხელისუფლებას იქ გაგზავნილი ყავს ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. როგორც კი იქნება შესაძლებელი, გზა გაიხსნება და გადმოიყვანენ ტურისტებს. სადაური ტურისტები არიან, არ ვიცით, მაგრამ შესაძლებელია ისინი უკვე გამოსულებიც იყვნენ ხეობიდან, უკონტაქტობის გამო, ჩვენ ახლა ვარაუდის დონეზე ვართ”, – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
კიდევ ერთი პრობლემური ადგილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მლეთაა, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ.
„დუშეთის მუნიციპალიტეტში მლეთაში გვაქვს პრობლემა, იქ არაგვი ადიდდა და ეკოემიგრანტების რვა ოჯახს შეუქმნა პრობლემა, რომლებიც მეწყერსაშიში ადგილის გამო ისედაც განსახლების ზონაში არიან მოხვედრილები. ამ ეტაპისთვის ადიდებულმა არაგვმა უბრალოდ ჯებირი მოანგრია, თუმცა იქაც ტექნიკა მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის პრობლემა არსად არ გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ წვიმს. ჯერ არანაირ მატერიალურ ზარალზე ინფორმაცია არ გვაქვს, ამ დროისთვის, მხოლოდ ხიდები და ბოგირებია წაღებული. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობას შეუდგა და თუ სადმე რამე ზარალი გვექნება ისინი დაითვლიან”, – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.