„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დროებით, სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი გასასვლელებით განხორციელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო (მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი გასასვლელების მოწყობის მიზნით) სამუშაოების გამო დროებით შეჩერებული იქნება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი მოქმედი გასასვლელების მუშაობა.
„გაცნობებთ, რომ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გარკვეული შეფერხებით გადაადგილება დროებით განხორციელდება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სათადარიგო გასასვლელებით.
აქვე გაცნობებთ, რომ მგზავრთა მიმართ საზღვრის კვეთის პროცედურები 24-საათიან რეჟიმში უცვლელად/შეუფერხებლად განხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრების/მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.