ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, გუდაური-კობის საბაგიროების მეშვეობით, ყაზბეგიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს
გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების მეშვეობით, ყაზბეგიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოეთის მოქალაქეები და ისინი უკვე გადაყვანილები არიან თბილისში, – ამის შესახებ პირველ არხს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისში გადმოიყვანეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩერებული ის პირებიც, რომლებიც ყაზბეგის მერიამ მუნიციპალიტეტის სასტუმროებში დააბინავა. ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე კვლავ რჩება სატვირთო ავტომობილის მძღოლთა ნაწილი.
„დღის განმავლობაში მთის კურორტების კომპანიასთან ერთად მოხდა მგზავრების გადაყვანა სრულად. ვისაც სურვილი ჰქონდა რომ გადასულიყო თბილისში, უპრობლემოდ გადავიდნენ, უსაფრთხოდ. ხვალაც და ზეგაც, თუ ქარი შეგვიწყობს ხელს, იმუშავებს საბაგირო და არანაირი პრობლემა არ იქნება. სამანქანო გზის კუთხით უკვე დაველოდებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ამინდის გაუმჯობესებას, რომ მოხდეს ტექნიკის შეყვანა და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს. გადმოყვანილები არიან ადგილობრივი მოქალაქეები, უცხოელებიც, დამსვენებლებიც, სატვირთო ავტომობილის მძღოლებიც. ბევრი ადამიანი იყო, 100-ზე მეტი. ნაწილი სასტუმროში იყო, ნაწილი ჩვენ განვათავსეთ, მერიამ და ისინიც წავიდნენ უკვე თბილისში. ჯერჯერობით მთავარია, აღარ თოვდეს და ნორმალური საშუალება იყოს, რომ შევიდნენ ადამიანები, რომლებიც საზვავე ადგილებს შეამოწმებენ, სარისკოა თუ არა და ამის შემდეგ შესაბამისი დავალებით დაიწყებს სხვადასხვა სამსახური მუშაობას“, – განაცხადა ყაზბეგის მერმა.