ყაზბეგის მერი შშმ პირთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს
ყაზბეგის მერ ალექსანდრე ზაგაშვილი შშმ პირთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი გრიგოლიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
ალექსანდრე ზაგაშვილი იმ ფაქტის გამოძიებასაც ითხოვს, რომლის შესახებაც ჯონი გრიგოლიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გრიგოლიას თქმით, 25 აგვისტოს სტეფანწმინდაში პირველი ჯგუფის ინვალიდ ომაზ კოჭლამაზაშვილს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა თავისი წინაპრების საფლავზე იმყოფებოდა. როგორც შშმ პირთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თავდამსხმელებმა საფლავი დააზიანეს.
ჯონი გრიგოლიას განცხადებით, მომხდარის უკან დგას ყაზბეგის მერი, რომელიც გრიგოლიას მტკიცებით, კოჭლამაზაშვილის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებას ცდილობს. კოჭლამაზაშვილების ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა და ის ოჯახმა მემკვიდრეობით მიიღო.
„დაბა სტეფანწმინდაში ომაზ კოჭლამაზაშვილი იყო მისული სასაფლაოზე. მას თავს დაესხა ამავე დაბის მცხოვრები გიორგი ხახლიშვილი, თუ არ ვცდები, ის იყო ნასვამ მდგომარეობაში. კოჭლამაზაშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაქუჩით მიუვარდა, დააზიანა საფლავის ქვები. ეს არის ვანდალიზმი. როგორც გაირკვა, ამ ყველაფრის უკან დგას ყაზბეგის მერი ალეკო ზაგაშვილი, რომელიც ცდილობდა კოჭლამაზაშვილის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებას, ცდილობდა ყაჩაღობას. საუკუნეა, ნაკვეთი ამ ოჯახს ეკუთვნის და რადგან მიწა ხელში ვერ ჩაიგდეს, ამის შემდეგ ტერორზე გადავიდნენ, რომ როგორმე იქნებ დაათმობინონ ნაკვეთი“, – განაცხადა ჯონი გრიგოლიამ.
მისივე ინფორმაციით, ომაზ კოჭლამაზაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თავდასხმაში ბრალდებული პირი ჯერ არ დაუკავებიათ.