ყაზბეგის მერი არ გამორიცხავს, რომ დაბა სტეფანწმინდაში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში კორონავირუსზე სინჯების აღება კიდევ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„უკვე დადასტურებული გვაქვს კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა. აქედან ოთხი არის სოფელ გარბანიდან და ხუთი დაბა სტეფანწმინდიდან. ისინი საბაჟოს თანამშრომლების კონტაქტები არიან. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში არიან გადასული. ასევე, ყველა ინფიცირებული უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
დაბა სტეფანწმინდაში დამატებით კიდევ მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო სინჯების აღება. მატება არ არის გამორიცხული. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია. მთავარია, დროულად მოვახდინოთ ლოკალიზება, მაქსიმალურად გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა იყოს, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის ჩაქრობას“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.