ჯაბა კანკავა ყაზახურ კლუბთან მოლაპარაკებას იწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის შესახებ ინფორმაციას Vesti.kz აქვეყნებს.
ყაზახური გამოცემის მტკიცებით, კანკავა, რომელიც ნახევარი წელია, კლუბის გარეშეა, ასტანაში 19 ნოემბერს ჩაფრინდა. „ტობოლის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და მოლაპარაკებას გამართავს.
„ტობოლს“ 2016-2017 წლებში რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოში გაზრდილი ომარ თეთრაძე წვრთნიდა. ამჟამად კი, კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავს.
ჯაბამ ფრანგული „რეიმსი“ წლეულს, ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ ახალ კლუბში ჩარიცხვას უშედეგოდ ელოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ეროვნულ გუნდში სისტემატურად იწვევდა და კანკავა სტაბილურად საუკეთესო იყო.