ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდება. ეს განცხადება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, ტოკაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან გაიარა.
ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა 19 მარტს დატოვა. პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად თანაგუნდელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი თავად დაასახელა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, ნაზარბაევი რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.